წმ გიორგის ეკლესია

XVIII საუკუნეში სიღნაღის ციხე-გალავნის შიგნით წმიდა გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მდებარეობდა. გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც ერეკლე II-მ აქ სომხები ჩამოასახლა, სხვადასხვა პრივილეგიებთან ერთად სალოცავად ეს ტაძარიც გადასცა, რის შემდეგაც მას სუფ გეურქის (ანუ წმიდა გიორგის) ეკლესია ეწოდა. მღვდელმსახურება სომხურ ენაზე წარმოებდა. სიღნაღელი სუმბათა ეფრემოვის გადმოცემით, რომელმაც ეს ამბავი პაპისაგან იცოდა, ტაძარი 1782 წელს გადაუკეთებიათ, მშენებლობის ხელმძღვანელი ვინმე სერიოჟა აკოფკოვი ყოფილა. ის თურმე ამ ადგილთან ახლოს ცდილობდა სომხური სკოლის აშენებას, რომლის კედელიც გვიანობამდე იყო შემორჩენილი, თუმცა ვერ დაუსრულებია ( შემდგომში სოხური სკოლა გაიხსნა ახლანდელი რუსთაველის ქუჩაზე. სკოლა 1912წ. დაუმთავრებია მდიდარ ვაჭარს აფაროვს, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა და სიკვდილის შემდეგ საკუთარი სახლიც სკოლას დაუტოვა).

Ratings
(3)