ილიაწმინდა - მალაკნების სოფელი

ილიაწმინდა (ყოფილი ახალი ალექსანდროვკა, ულიანოვკა) — სოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს,  ზღვის დონიდან 630 მეტრი. სიღნაღიდან 20 კილომეტრი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 560 ადამიანი. დღეს აქ ცხოვრობენ ფშავის, სვანეთის, ასევე, მეზობელი სოფლებიდან წამოსული მოსახლეობა.

 სოფელი დაარსდა 1859 წელს სახელით - ახალი ალექსანდროვკა. პირველი მოსახლეები იყვნენ სარატოვის გუბერნიიდან გადმოსახლებული მალაკნები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სოფელს სახელი შეუცვალეს და ულიანოვკა დაარქვეს. სოფლის ძირითადი მაცხოვრებლები იყვნენ მალაკნები, ასევე, მცირე რაოდენობით ცხოვრებდნენ ბოშები.

  სოფელში ფუნქციონირებდა რუსული საშუალო სკოლა და ბაგა ბაღი. მოსახლეობა დასაქმებული იყო საბჭოთა მეურნეობაში, ფუნქციონირებდა კახეთის საცდელი სადგური და მანქანა-ტრაქტორის სარემონტო ქარხანა.

  მალაკნები გამოირჩეოდნენ განსაკითრებული წესჩვეულებებით. მათ სოფელში ჰქონდათ და ახლაც არსებობს „საბრანია“ ( შეკრების ადგილი სადაც აღნიშნავდნენ დღესასწაულებს , ჭირს და ლხინს ). სოფელში არსებობდა ხალხთა მეგობრობის მუზეუმი.

  გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (მალაკნები და ბოშები) წავიდნენ რუსეთში. ამჟამად სოფელში მალაკნების მცირე ნაწილი, დაახლოებით  20 ოჯახი ცხოვრობს,   ძირითადად მოხუცი ქალბატონები.

 თუმცა რაც დრო გადის მათი რაოდენობაც მკვეთრად მცირდება, იკარგება ასევე ის უნიკალური ეთნოგრაფიული და კულტურული მემკვიდრეობა, რემელიც სოფელში ჯერ კიდევ შესამჩნევია. ყურადღებას იქცევს ხის არქიტექტურის ნიმუშები, ტრადიციული ორნამენტები და მალაკანთა რელიგიური რიტუალები.

  სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში სოფელი ილიაწმინდა სრულიად თავისუფლად შესაძლებელია „ღია ცის ქვეშ მუზეუმადაც“ კი გადაიქცეს იმდენად მრავლად არის შემორჩენილი ტრადიციული მალაკნური სახლები. სოფელში ადრე მუზეუმიც კი არსებობდა, რომლის ექსპონატები დღეს სხვადასხვა ოჯახებშია დაფანტული, თუმცა მათი ხელახლა თავმოყრის და მცირე საგამოფენო სივრცის ხელახლა შექმნის შემთხვევაში სოფელი სრულიად სხვა დატვირთვასაც შეიძენს და ის სიღნაღის და ზოგადად კახეთის ტურისტულ რუკაზეც გაჩნდება.  

 
Ratings
(2)